ომის “შვილები”

November 7, 2009

თაობას სტიგმა “ომის შვილები” აგვისტოშივე მოგვეკრა;
მაგრამ ომს შვილები არ ჰყავს!
ომი მსხვერპლს სცნობს მხოლოდ, მსხვერპლს-აღარც რიცხვებით გამოსახულს,
-სტატისტიკაც ბუნდოვანია ჩვენთან…,”თუმცა” ტრაგიკული!

*
ისეთი უსუსურია და მაინც “ჭიკარტს” ვეძახით.
რამდენიმე დღეა ვიცნობ,მაგრამ მაჩვენა,როგორი უსამართლოა ცხოვრება.
როცა ქართული მიწის გული ერთმორწმუნეთა ბომბებით იხლიჩებოდა,ჯერ კიდევ
ემბრიონი ერქვა და სითბოს ნაცვლად შიში და პანიკა ეხვია გარს.
არ იცოდა თუ მამა სანგარში ათენებდა ღამეს;
მაგრამ დედას რომ არ სძინებია დიდხანს,ამას გრძნობდა კარგად.
შფოთვა და უარესის მოლოდინი იყო მშობლის ყოველდღიურობა.
როცა პირველად შეხედა მზეს,ქვეყანა ისევ დიდი სატკივარით იყო გაბრუებული,ისევ
არავის ეცალა მისთვის….
მაგრამ ლურჯ ცასავით გალურჯებული მანამდე ტიროდა უჰაერობის მიზეზით,სანამ დიაგნოზი არ დაუსვეს-გულის მანკი.

… რამდენიმე დღეა რაც ვიცნობ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ,ჩემთვის ეძებდნენ სისხლის დონორებს.
ყველაზე ლაღი ბავშვია ამქვეყნად.
სულ იცინის გულმკერდგასაჭრელი.
ამბობენ,ბავშვობა ყველაზე ბედნიერი პერიოდიაო. ალბათ იმიტომ,რომ ვერ ხვდები
რა ხდება შენ ირგვლივ.

…მავანის იმპერიალისტურმა ზრახვამ თუ სხვათა გამყიდველობამ წითელი ზოლი ერთდროულად დაამჩნია საქართველოს რუკასა და მის მკერდს.
ახლა კი იბრძვის-გამალებით და იმისთვის,რომ დედამიწის ბინძური ჰაერით როგორმე
ღრმად ისუნთქოს.

* *
ხელის გული რომ მაჩვენა, ვიფიქრე, სილურჯე გულის დავადების ბრალი იყო.
ძლივს მიმახვედრა,რომ ასე გაფანტულად ლურჯი მხოლოდ ღრუბლიანი ცა კი არა,
ყუმბარის ნამსხვრევებით მომინანქრებული სხეულიც შეიძლება იყოს.
ომის მოზაიკა ხელის გულზე…
- რამდენჯერმე დაბნეულმა შევხედე სათვალის სქელ მინას…
ვერ დამინახა,მაგრამ მიმიხვდა განცდას და სანამ თვითონ იტყოდა მომხდარზე რაიმეს, მეგობარმა ამიხსნა,რომ უკვე ომგამოვლილ ჯარისკაცს მაშინ აუფეთქდა ყუმბარა,
როცა გორში მეზობელ ბავშვს ხელიდან გამოსტაცა “მომწვანო ფერის სათამაშო”.
ყველაზე სქელი მინის მიღმაც ადვილად საცნობია გმირის თვალები,დამიჯერეთ! სამაგიეროდ,რთულია 23 წელი იმ ფერებით აღიქვამდე სამყაროს,როგორითაც ის ღმერთმა დახატა,დარჩენილი წლები კი მხოლოდ ამ ნახატის სილუეტსა და კონტურებს უყურო და
ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენი ქვეყნის ბიუჯეტი სამკურნალო გამაჯანსაღებელი მასაჟებისთვის იხარჯება,სინათლე თვალებში რიგითი ადამიანებისათვის კი
მხოლოდ მომავალი წლების პერსპექტივაა და ისიც მაშინ, თუკი რომელიმე მწიკვი ამა ქვეყნის მარილისა ოდესმე მაინც ისურვებს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას
სამშობლოსთვის თავშეწირულთათვის.
მის გაცნობამდე გმირობა საამაყო მეგონა,დღეს კი უბრალოდ ვიცი,რომ ასე
მოქცევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს- ფიზიკურს კი არა,სულიერს-უპირველესად!

* * *
არ ვიცი,საიდან მოვიდა თავგანწირვის უნარი ამ მოქეიფე ბიჭის ცნობიერებაში.
ამბობდა,თუკი 5 წლიან საკონტრაქტო ვადაში აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ,კიდევ
5 წლით გავახანგრძლივებ ხელშეკრულებასო.

გზა მშობლიური ხაშურიდან ლიახვის ხეობამდე ურთულესი გამოდგა.
საცეცხლე ბატალიონის 19 წლის კაპრალს შიშზე არ უფიქრია, ბოღმა ახრჩობდა მხოლოდ- მეგობრების გვამები… და განცდა,რომ ყველაზე ძლიერიც – უსუსური ხარ.

მას არ დამშვიდობებია. იცოდა,სულ დაელოდებოდა,- უყვარდა და ამიტომ.
მხოლოდ დაპირდა,რომ შაბათს მობრუნდებოდა სანახავად. სამი თვის დაოჯახებული,ჯარისკაცული დუმილით დაატარებდა მის მონატრებას.
…………………………………………………………………………………………………………………………………….
“უცნაურია,რომ ადამიანი კვდება,როცა მას უყვარს…” *

ახლა იმდენჯერ ადიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე,რამდენჯერაც მოუნდებოდა, ეკოცნა ცოლისთვის…

……ჩვენ არასდროს მოვიხსენებთ,როგორც გარდაცვლილს!
მუდამ ვსვამთ მხოლოდ სადღეგრძელოს – სიკვდილზე მისი სიცოცხლის გამარჯვებისას! სიკვდილის ვაჟკაცობით დამარცხებისას!

*-(ე.მ.რემარკი)

( ისტორიები რეალურია,არაფერია გამოგონილი)

ორჭოსანგადასულები

November 7, 2009

I.
დუღდა და ორთქლი ასდიოდა ქალაქს.მარტო სიცხისგან-არა,-ჩქეფდა ცხოვრება ირგვლივ: უკანასკნელ ძალებს ხარჯავდა “ნაღები” საზოგადოება თბილისის მიწაზე. იმ სეზონზე ბოლოჯერ ცეკვავდნენ დედაქალაქის ღამის კლუბებში,უკანასკნელად ისხდნენ ელიტურ რესტორნებში,ბოლო ოფლს იდენდნენ ფინურ საუნებსა თუ გოგირდის აბანოებში. აგვისტო დამდგარიყო და აქ დახარჯული ენერგიის აღსადგენად საზაფხულო კურორტებს უნდა სწვეოდა ელიტა.

II.
ჭიანჭველების ბუდეს დამსგავსებოდა მთელი ქართლი- სოფლითა და ქალაქით,ბაღითა თუ ბოსტნით. “როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…” ქართული სულის სურნელი ავარდნოდა ჯერ მოსავალაუღებელ ქართლის მიწას. ეწვოდა ლოყები გორულ ვაშლს,ფერდები შეწითლებოდა სახლეჩ ატამს.
სიცხე და გვალვა არ აშინებდა ძირძველ პროვინციას,საქართველოს გულსა და მშობელს-ყველა ფუსფუსებდა შეუსვენებლად.

I.
ბოლო ჩემოდანიც ჩაალაგა,მაგრამ საკეტი აღარ ემორჩილებოდა, პირდაფჩენილი მისჩერებოდა პატრონს და ბარგის შემსუბუქებას სთხოვდა. გარუჯული გოგონა დაფიქრებული და შუბლშეჭმუხნული იდგა,ვერფრით გადაეწყვიტა,კიდევ რა დაეტოვებინა,მაგრამ ჩემოდანი სულ არ იზიარებდა მის დარდს და ჯიუტად შეჰყურებდა გოგონას ხელოვნურ ნამზეურს,თან ვერ მიმხვდარიყო,რატომღა მიდიოდა საზღვაო კურორტზე?!- თვითონ თბილისშიც მშვენივრად გრძნობდა თავს,-ბნელ კარადაში ცივად შენახული.

II.
6 აგვისტო. დღეს პირველი მანქანა დატვირთეს ბეღელურებმა ვაშლით. წელს არც მოსავალი იყო დიდი უწყლობის გამო და უამისოდაც გაჭიანურდა საქმე:საწვავის ფასმაც მოიმატა,აღარც ჩამბარებელი ჩანდა ბევრი. არადა,ამით უნდა გაეტანათ თავი მთელ წელიწადს.

I.
შემთხვევით ჩართო ტელევიზორი,თუმცა ისევ გადაშლილ ჩემოდანს დაჰყურებდა. “დილიდან ორმხრივი ცეცხლია გახსნილი კონფლიქტის ზონაში.ამ დროისათვის დაჭრილია 2 ქართველი ჯარისკაცი და 1 ადგილობრივი მცხოვრები.ხელისუფლების განცხადებით…”
ტელეფონი აწკრიალდა ამ დროს.მამა ურეკავდა ოკეანის გაღმიდან. ბევრჯერ დაუდასტურა რაღაც თავის დაქნევით,ბოლოს,მივდიარო,-უთხრა და გათიშა.
….აეროპორტში ფრენა დროებით გადადებულიყო,ბილეთების გაყიდვაც შეჩერებულიყო.
ისევ დაურეკა მამამ.ისევ დაუდასტურა რაღაც.
სახლში დაბრუნდა აკანკალებული.კარი ჩაკეტა,სავარძელში გაინაბა თვალდახუჭული. ცისფერი სანაპირო ეზმანებოდა მხოლოდ.წყნარი მუსიკის ნაცვლად საკუთარი გულის სუსტი ცემა ესმოდა, თრთოლაშეპარული გამომწვევად რომ ეკითხებოდა,დიდი ხნით ხომ არ გადაიდოო ჩვენი ვოიაჟი?!

II.
გუშინ შუაღამიდან ძალუმად მოდიოდა ალისფერი სეტყვა მათი სოფლის თავზე. მიჩვეულნი იყვნენ გაყინული ომის მწველ დღეებსაც,მაგრამ ასეთი რამ არ ახსოვდათ. ტელევიზორიც ხომ გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა:”ორმხრივი ინტენსიური სროლა მიმდინარეობს…”
ბნელ სარდაფში ჩაიყუჟნენ. ათასი ფიქრით გაბრუვდა ოთახი. ღელავდნენ თანასოფლელებზე,ნათესავებზე,ლოყებდაბერილ ვაშლებზეც,შვილივით ნაზარდ ხეხილზე, წუხდნენ ბედსა და მომავალზე.
სიო უბერავდა აჭარხლებულ ბაღებს… თრთოლვის სურნელითა და მოლოდინით გაბერილიყო კონფლიქტის ზონა.

- – -
პირდაპირ ეთერში გადმოსცეს,რუსული არმიის შენაერთები და ოსი სეპარატისტები თბილისისაკენ დაიძრნენ,სამ საათში ქალაქში იქნებიანო.
განგაშის ალი ავარდა დედაქალაქს.
შეშინდა ყველა. შეშინდნენ ყველგან.
ხელისუფალნი ტელევიზორის ეკრანს მიეჯაჭვნენ და დაბნეული თვალებითა და ფერწასული სახეებით თბილისელებს დაჟინებით უმტკიცებდნენ,რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

მაგრამ კულისებს მიღმა “ომის ფრონტი” უფრო ფართო იყო,ვიდრე ნამდვილი ომის ეპიცენტრში:ჩინოვნიკთა,პარლამენტართა,ხელისუფალთა ტელეფონები “გილიოტინებად” იქცნენ მათთვისვე. თბილისური ელიტა მათგან,საკუთარ ბიზნეს-პარტნიორთაგან,მათ მფარველთაგან ითხოვდა პასუხს.იმედი ჰქონდათ,ამ სპექტაკლის სცენარის წერისას რუხ კარდინალთა არმიის როლი არ გამორჩებოდათ სცენარისტებს. არც გამორჩენიათ!..,-მაგრამ ამ რთულ სპექტაკლში ზოგს სიტყვა გამორჩა,ზოგს ქცევა შეეშალა და აირია მონასტერი.
დაბნეული ელიტა ჯერ ბანკებს მიაწყდა დაგროვილი ანაბრების გამოსატანად,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ეს შეუძლებელი იყო შექმნილი სიტუაციის გამო. დიდხანს კი აპროტესტეს,მაგრამ რომ ვერაფერი გააწყვეს,სახლში დარჩენილი ფული და ოქრო საგულდაგულოდ გადაახვიეს და გულის ჯიბეში შეინახეს.
…თბილისის აეროპორტი ამჯერად მრავალათასიან საპროტესტო მიტინგს დაემსგავსა.
აქაც რომ არაფერი გამოუვიდათ,სასწრაფოდ წითელ ხიდთან გადაინაცვლა “ვირთხების რბოლამ.” * *
ამ მდგომარეობაში ხელისუფლებაც გრძნობდა თავის წილ პასუხისმგებლობას ე.წ. ელიტის მიმართ…

*
“ბედნიერი” დასასრული
არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად.
მაშინ ვნახე,როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს,რომელიც ზურგიდან მძიმე ტვირთს ჩამოიღებს და ღრმად ამოისუნთქებს.
ტუჩებთან ღიმილი გაუკრთა და…. და ისიც კი გავიფიქრე,ომი ხომ არ დამთავრდა-მეთქი?!
მეგონა,გვილოცავდა რაიმეს:”მინდა დავამშვიდობო თბილისელები,აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!”
დავიბენი ერთბაშად.დაიბნენ,ალბათ,თბილისშიც,გორშიც.
რუკას მივვარდი.მაშინვე მივვარდი და ვიგრძენი,-მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი.
გულის ჯიბიდან ამოღებული ფულით აღნიშნავდა თბილისური “ელიტა” სრულიად საქართველოს “გადარჩენას!(?)”

http://www.myvideo.ge/?video_id=246124

* * შესაძლოა,ეს ფრაზა შეურაცხმყოფელია და ამდენად,უადგილო,მაგრამ თავს ამის უფლებას ვაძლევ ჩემი პოზიციისა და განწყობიდან გამომდინარე.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.